თბილისში, YTONG-ის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა
თბილისში, პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, YTONG-ის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა.
პროექტი 2015 წელს „არქიმ“, გერმანელმა პარტნიორმა - „ქსელა ჯგუფმა“, „საპარტნიორო ფონდმა“ და თიბისიმ დაიწყეს. 2019 წელს კი, პროექტის პარტნიორებს „ბიქეი კონსთრაქშენი“ შეუერთდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 55 მილიონი ლარია და 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.
YTONG-ის ქარხანა წელიწადში 30 მილიონი ლარის პროდუქციას აწარმოებს. უახლოეს პერიოდში საწარმო სრულად ჩაანაცვლებს იმპორტს და ექსპორტზე გავა. გერმანული ბრენდი YTONG 100 წელია მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის წარმოების ლიდერია. დღეისათვის, მსოფლიოს მასშტაბით, YTONG-ის 100-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს. მის ბლოკს უნიკალური ენერგოეფექტური თვისებები გამოარჩევს.
სტანდარტულ სამშენებლო ბლოკთან შედარებით, YTONG-ის ბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა აქვს, შესაბამისად, ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას და კომუნალურ გადასახადებს დაახლოებით 35%-ით ამცირებს. ამასთან, YTONG-ის ბლოკი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შედგება და ხანძარგამძლეა.
გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თბილისის მერი კახა კალაძე, „არქის" დამფუძნებელი ილია წულაია, „ბიქეი კონსთრაქშენის“ მმართველი პარტნიორები შოთა ბერეკაშვილი და ირაკლი ბურდილაძე, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.