
იტონგის ბლოკი იქმნება აირბეტონისაგან, რომლის დასამზადებლად სრულად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული გამოიყენება: ქვიშა, კირი, ცემენტი და წყალი, ხოლო ასაფუებლად ემატება ალუმინის ფხვნილი. წარმოებისას დანაკარგი და გარემოს დაბინძურების ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი, თავად წარმოების პროცესიც კი ენერგოეფექტურია.
ნედლეულის არევის შემდეგ თხევადი ნაერთის მასას ასაფუებლად ტოვებენ. აფუება ნაერთში მილიონობით ჰაერის ბურთულის წარმოქმნას გულისხმობს, რაც იტონგს უნიკალურ სტრუქტურას სძენს. აფუების შემდეგ იტონგის მოცულობა 5-ჯერ იზრდება და ვიღებთ ნახევრად მყარ მასალას, რომლის დამუშავებაც მარტივად არის შესაძლებლი. მას სპეციალურ დანადგარში ათავსებენ რომელიც მასალას 0.3 მმ სიზუსტით ჭრის და ბლოკის ფორმას აძლევს.
დაჭრილი ბლოკები ავტოკლავურ ღუმელში თავსდება, სადაც მომდევნო 12 საათის განმავლობაში 190 გრადუსის ტემპერატურის მქონე ორთქლით ბლოკების შრობა-გამყარება ხდება. ავტოკლავური მეთოდი გამორიცხავს შრობის პროცესში ბლოკების დეფორმაციასა და ბზარების წარმოქმნას.
